შესავალი

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს განათლების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზანს ემსახურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ როგორც უკვე განხორციელებული, ასევე, მიმდინარე, საკმაოდ წარმატებული რეფორმები. ბოლონიის წევრობა (2005 წლის მაისი) და იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტობა (2010 წლის იანვარი) ამ წარმატებებისა და მიღწევების საერთაშორისო აღიარების დასტურია.

 

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების სრულყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელს დაიწყო ახალი პროექტის - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” (`Teach and Learn with Georgia`) განხორციელება, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის წარმატებით განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისათვის, რადგან ისინი ინგლისური ენის უკეთ დაუფლების კვალდაკვალ, აქტიურად გაეცნობიან და ეზიარებიან დასავლურ ღირებულებებსა და კულტურას.