მიზნები

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის დასავლური და ევროპული კულტურის, ფასეულობებისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამ კულტურის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობის გზით. ეს მათ მომავალში დაეხმარებათ მეტი წარმატების მიღწევაში, სამშობლოს ფარგლებს გარეთ, თუ საქართველოში მოღვაწეობისას. ამ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საერთაშორისო დონორების ხელშეწყობით, 1000 მოხალისე უკვე ჩამოიყვანა 2010-2011 სასწავლო წელს, რაც მომავალი სასწავლო წლებისთვისაც იგეგმება. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ინგლისური ენის შესწავლის მრავალი ხერხი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიების უპირატესობებს ვაღიარებთ და მათი პრაქტიკაში დანერგვისკენ მივისწრაფვით, მიგვაჩნია, რომ ადამიანური ფაქტორი და პირადი კონტაქტი შეუცვლელი რესურსია, რადგან ამ ფორმით სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. 

 
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოხალისე მასწავლებლები მოხვდებიან მათთვის უჩვეულო, საინტერესო და განსხვავებული ტრადიციების მქონე სტუმართმოყვარე ქვეყანაში. მათ ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ უნიკალური შანსი, იცხოვრონ თბილ, ოჯახურ გარემოში, გაეცნონ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ეზიარონ ქართულ ფოლკლორს და დააგემოვნონ ქართული კერძები. მოხალისეებს, ასევე, მათი სურვილისამებრ, ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ სასაუბრო ქართულს.
 
ამ პროექტის ფარგლებში, ცოდნის, გამოცდილების და კულტურის ერთმანეთთან გაზიარებით, მოხდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, არამედ განსხვავებული საზოგადოებების ერთმანეთთან დაახლოება. ვიმედოვნებთ, რომ მოხალისე მასწავლებლებთან ურთიერთობით, მომავალი თაობა მაქსიმალურად მოახდენს საკუთარი უნარების განვითარებას და შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში.